ყოველდღიური რუტინისაგან გადაღლილი, თვეში ერთ შაბათ-კვირას საკუთარ თავს ვუთმობ. გავდივარ დატვირთული ქალაქიდან და სადმე მყუდრო, მშვიდ ადგილას ვმარტოვდები.
ასე მაქვს შემოვლილი თითქმის მთელი საქართველო, გასტრო თუ სათავგადასავლო ტურები ენერგიის აღდგენასა და ფიქრში მეხმარება.
მსოფლიო პანდემიის დროს, როცა შიდა ტურებიც კი არ იგეგმებოდა, საკმაოდ გამიჭირდა. ერთფეროვანი, სტრესული გარემო არც ერთი კვირის ბოლოს არ იცვლებოდა. თბილისთან ახლოს, თითქმის ყველა სასტუმროსა თუ შატოში მაქვს გატარებული რამდენიმე დღე, შესაბამისად, საკმაოდ რთული იყო არჩევანის გაკეთება - სად დამესვენა კოვიდსა და სამსახურზე ფიქრისგან უსაფრთხოდ, კომფორტულად და მისაღებ ფასად.
ყველაზე ახლოს რაც გამახსენდა, კახეთი იყო, რომელიც გამორჩეულია როგორც თავისი გასტრონომიითა და გაშლილი ხედებით, ასევე სტუმართმოყვარეობითა და უშუალო კომუნიკაციით. ბუნების წიაღში არსებულ, ჯერ უნახავ გარემოს ვეძებდი სუფთა ჰაერით და რაც მთავარია - ჯანსაღი პროდუქტებით სავსე სამზარეულოს.
ჩემი მოთხოვნები საკამოდ მაღალი იყო, თუმცა, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც ძებნის პირველივე წუთებზე, ჩემდა გასაკვირად, სწორედ ასეთი ადგილი - ყვარლის ტბა შემხვდა. ბევრი არ მიფიქრია, მეგობრებისაგან მოსმენილი დადებითი ემოციები ერთიანად გამახსენდა და სასტუმრო ყვარელში დავჯავშნე.
ყვარელში ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი, თუმცა იმ სილამაზეს ნამდვილად არ მოველოდი, რაც შუა ნოემბერში რეზორტის ტერიტორიაზე დამხვდა: შერეული ტყეებით დაფარული მთები, ყვითელი ფოთლების თითქმის სამ კილომეტრიანი ხალიჩა, მშვიდი, იდუმალი და ნისლში ჩაძირული ტბა, ადაპტირებული გარემო და მომღიმარი პერსონალი - ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ეს ყველაფერი იყო, რაც დასვენებისათვის მჭირდებოდა, თუმცა, მთავარი ჯერ კიდევ წინ მელოდებოდა.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, პირდაპირ კამერამომარჯვებული შევედი ჩემს ოთახში და კეთილმოწყობილი გარემოს მერე, პირველი რაც დავინახე, ეს პანორამული ხედი იყო ნისლიან და იდუმალ ალაზნის ველსა და ყვარლის ტბაზე. მათი დანახვისას განსაკუთრებით დილასა და საღამოს სიმშვიდისა და შინაგანი ჰარმონიის გრძნობა მეუფლებოდა. სწორედ ეს იყო, რაც მჭირდებოდა.
რესტორნის მენიუში ჩემი საყვარელი, ტრადიციული კახური კერძების გარდა რამდენიმე სიახლე აღმოვაჩინე, დავაგემოვნე და ბევრიც ვეცადე, ფხალეულისა და განსხვავებული საკმაზით მომზადებული სოუსების რეცეპტების გაგება, თუმცა, გამოცდილმა შეფმა საიდუმლო ისევ ყვარლის ტბის რესტორნის სამზარეულოში დაიტოვა. საკვებთან ერთად მნიშვნელოვანი ყვარლის ტბის ტერასაზე კახური ტრადიციული სტილით, ქვევრში დაყენებული ბიოღვინოც დავაგემოვნე, რომელიც მრავალფეროვანი არომატითა და მდიდარი გემოთი გამოირჩეოდა.
ვახშმობის შემდეგ ტერიტორიის დათვალიერება, ფეხით გასეირნება და ფიქრებისაგან დაცლა მჭირდებოდა. ძალიან სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც სასტუმროს პერსონალმა ტური ელექტრომობილით შემომთავაზა. 8-10 ადგილიანი, უფანჯრო, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, სწორედ იმ მთისა და ტყის ბილიკს მიუყვებოდა, რომელმაც კურორტზე შემოსვლისთანავე მომხიბლა.
ტურის დასრულების შემდეგ იქაურობა რომ უფრო გამესისხლხორცებინა, ტბასთან მდგარ საქანელაზე დავჯექი და ბავშვობა გავიხსენე, ველოსიპედითაც შემოვუარე მთლიან ტერიტორიას და სასიამოვნოდ დაღლილმა სასტუმროს ლობის ბიბლიოთეკიდან წიგნიც ვითხოვე ტერასაზე წასაკითხად.
ობიექტური შეფასებით, სასტუმრო ყვარელში ზუსტად ის ადგილი აღმოჩნდა, რომელსაც ვეძებდი თავისი სტუმართმოყვარეობით, გემრიელი კერძებით, ულამაზესი, მოდერნისტული დიზაინით, სუფთა ჰაერით, მრავალფეროვანი ბუნებითა და მომსახურების სრული სერვისით, მეტი რა უნდა სურდეს დასასვენებლად წასულ ადამიანს?!